სწორი პასუხია - ფინეთში.
2000 წელს ჰელსინკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის თანამშრომელთა ჯგუფმა როდიუმის ნატეხი ძლიერ გააცია. მისი ტემპერატურა აბსოლუტურ ნულს (-273°) ათი მემილიარდედი გრადუსით აღემატება.
როდიუმი იშვიათი ლითონია, რომელიც ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვის სისტემაში - კატალიზურ კონვერტორში გამოიყენება.
შემდეგი ყველაზე ცივი ობიექტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტშია. 2003 წელს ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფმა, ვოლფგანგ კეტერლის ხელმძღვანელობით, უკიდურესად ცივი აირადი ნატრიუმი მიიღო.
2001 წელს კეტერლის ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს ბოზე-აინშტაინის კონდენსატზე - ნივთიერების ახალ აგრეგატულ მდგომარეობაზე მუშაობისთვის, რომელიც მხოლოდ აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ ტემპერატურაზე არსებობს. მეცნიერებისადმი მისი ინტერესი ბავშვობაში „ლეგოს“ კონსტრუქტორით თამაშმა გააღვივა.
ლაბორატორიებში მიღებული უკიდურესად ცივი ტემპერატურები აღნიშვნას იმსახურებს. კოსმოსის სიღრმეებშიც კი ტემპერატურა იშვიათად ეცემა -245°-ზე დაბლა.
ერთადერთი ცნობილი გამონაკლისი ბუმერანგის ნისლეულია, რომლის იდენტიფიცირება ასტრონომებმა 1979 წელს მოახდინეს. ის ბუმერანგს წააგავს. მის ცენტრში მომაკვდავი ვარსკვლავია, ჩვენს მზეზე სამჯერ უფრო მძიმე.
ბუმერანგის ნისლეული ბოლო 1500 წლის განმავლობაში გამოიტყორცნის აირს 500 000 კმ/სთ სიჩქარით. მისი ტემპერატურა -271˚-ს აღწევს. ეს ყველაზე დაბალი ბუნებრივი ტემპერატურაა, რაც ოდესმე დაფიქსირებულა.
ამ ტემპერატურასთან შედარებით შეიძლება უბრალო სიგრილედ მივიჩნიოთ ყველაზე დაბალი ტემპერატურა მზის სისტემაში, -235˚, რომელიც 1989 წელს „ვოიაჟერ II-მა“ დააფიქსირა ნეპტუნის ერთ-ერთი თანამგზავრის - ტრიტონის ზედაპირზე. ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე, -89,2˚, დაფიქსირდა ანტარქტიდაში 1983 წელს. ზემოთ აღნიშნულის ფონზე ეს ტემპერატურა ტროპიკულად მოჩანს.