თუ კითხვას ზედმიწევნით ვუპასუხებთ, სწორი პასუხი იქნება, რომ ვეფხვების უმეტესობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბინადრობს.
საუკუნის წინ ინდოეთში დაახლოებით 40 000 ვეფხვი იყო. ახლა მათი რიცხვი იქ 3000-4700-ია. ზოგიერთი მეცნიერის შეფასებით, პლანეტაზე მხოლოდ 5100-დან 7500-მდე ველური ვეფხვია შემორჩენილი.
მეორე მხრივ, მხოლოდ ტეხასის შტატში 4000-მდე ვეფხვი ბინადრობს ტყვეობაში. ამერიკის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის ანგარიშით, აშშ-ში 12 000-მდე ვეფხვი ჰყავთ, როგორც საყვარელი შინაური ცხოველი. პირადად მაიკ ტაისონს ოთხი ვეფხვი ჰყავს.
ამერიკაში დიდი რაოდენობის ვეფხვის არსებობის მიზეზი, ნაწილობრივ კანონმდებლობასთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ცხრამეტ შტატშია აკრძალული ვეფხვების კერძო მფლობელობაში ყოლა. თხუთმეტ შტატში მხოლოდ ნებართვას ითხოვენ, თექვსმეტ შტატში კი საერთოდ არანაირი რეგულაციები არ არსებობს.
ისინი არც ისე ძვირი ღირს. ვეფხვის ბოკვერის შეძენა მხოლოდ 1000 აშშ დოლარი დაგიჯდებათ, 3500 აშშ დოლარად ბენგალური ვეფხვების წყვილს იყიდით, ხოლო 15 000 დოლარი საკმარისია მოდური ლურჯთვალება თეთრი ვეფხვისთვის.
ბედის ირონიით, ამ ყველაფერს ბიძგი ამერიკული ზოოპარკებისა და ცირკების მოშენების წარმატებულმა პროგრამებმა მისცა. ბოკვრების სიუხვემ მეოცე საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში ფასები დაბლა დაწია. „ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის პრევენციის საზოგადოების“ გამოთვლით, მხოლოდ ჰიუსტონის რაიონში ამჟამად 500 ლომი, ვეფხვი ან სხვა დიდი კატა ჰყავთ კერძო მფლობელობაში.
ველურ ვეფხვთა პოპულაციები ძლიერ დაზარალდა მეოცე საუკუნეში. ვეფხვები კასპიის ზღვის შემოგარენში გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის გადაშენდნენ, ხოლო ბალისა და იავის კუნძულებზე ისინი 1937-1972 წლებში გაუჩინარდნენ. სამხრეთ ჩინეთის ვეფხვი ველურ ბუნებაში თითქმის გადაშენებულია. შემორჩენილია მხოლოდ 30 ინდივიდი.
ვარაუდობენ, რომ კონსერვაციონისტების ძალისხმევის მიუხედავად, ამ საუკუნის ბოლოს, ველურ ბუნებაში ვეფხვის ყველა სახეობა გადაშენდება.
ცნობისთვის, შინაური კატა ვეფხვის ზომის დაახლოებით ერთი პროცენტია.