ENG
სად ცხოვრობდნენ ქვის ხანის ადამიანები?
10116 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

პირველი პასუხი, რაც ადამიანს თავში მოსდის არის გამოქვაბული. შეეშვით კლიშეებს! „გამოქვაბულის ადამიანი“ კარგად არ ასახავს ქვის ხანის, ანუ პალეოლითის დროინდელ ადამიანებს. იგი ნაწილია ისტორიის სწავლების მეთოდის: „არაფერს მიაქციო ყურადღება, რაც რომაელებამდე იყო“, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა მე-19 საუკუნის ბოლო ხანებში. ამ ტერმინს თანამედროვე ისტორიკოსები და არქეოლოგები საერთოდ არ იყენებენ.

პალეოლითის ადამიანები მომთაბარე მონადირე-შემგროვებლები იყვნენ, რომლებიც დროდადრო სარგებლობდნენ გამოქვაბულით. ევროპაში ასეთი 277 ადგილია დადგენილი - მათ შორის ალტამირა ესპანეთში, ლასო საფრანგეთში და კრესუელ- კრეგსი დერბიშირში. შემონახულია ნახატები და ცეცხლის, საჭმლის მომზადების, რიტუალებისა და დაკრძალვების მტკიცებულებები, თუმცა გამოქვაბულები არ იყო განკუთვნილი მუდმივად საცხოვრებლად.

ევროპაში ნაპოვნი უძველესი გამოქვაბულის ნახატი 40 000 წლის წინანდელია, თუმცა ზუსტი ასაკის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ფერწერა ორგანული წარმოშობის არ არის, ამიტომ რადიონახშირბადის ანალიზით მისი ასაკის დადგენა შეუძლებელია.

ამ ადგილის მნიშვნელობის ყველაზე დამაჯერებელი ახსნა უკავშირდება შედარებით გვიანდელი ხანის კლდის მხატვრობას, რომელიც სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის მონადირე-შემგროვებელ ტომებთან გვხვდება. აქ ნახატები შამანების მიერ იყო შესრულებული, რომლებიც ბნელ და ხშირად ღრმა გამოქვაბულებში შედიოდნენ სულების სამყაროსთან კავშირის დასამყარებლად. სხვა თეორიის მიხედვით, ნახატები უბრალოდ ქვის ხანის „თინეიჯერების“ შემოქმედება იყო.

ჩრდილოეთ ჩინეთში ამჟამად დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს გამოქვაბულის ტიპის სახლებში (yaodong). 8000 წელს (ძვ. წ.) მთელი პლანეტის მოსახლეობა, სავარაუდოდ, მხოლოდ ხუთ მილიონს შეადგენდა, დღეს კი იქ  რვაჯერ მეტი „გამოქვაბულის“ ადამიანი ცხოვრობს.

გამოქვაბულის ბინადრებს ტროგლოდიტებს უწოდებენ, რაც ბერძნულად ნიშნავს „ვინც ხვრელშია“.

სხვა ადგილები, სადაც თანამედროვე ტროგლოდიტები ცხოვრობენ, არის კაბადოკიაში (თურქეთი), ანდალუსიაში (სამხრეთი ესპანეთი), ნიუ-მექსიკოს შტატში (აშშ) და კანარის კუნძულებზე.

ეს შესაძლოა ამ ტენდენციის დასაწყისი იყოს და არა დასასრული. ბათის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მიწისქვეშა საცხოვრებელი 25%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ჩვეულებრივ სახლთან შედარებით.