სემი ზოგადად წყნარია. ჯგუფის ნამდვილი ლიდერია! თავს არ იწუხებს უადგილო ემოციებით.
ალბათ გახსოვთ თბილისის ზოოპარკის უსაყვარლესი ბინადარი შუმბას სევდიანი ისტორია. აქ ახლაც ცხოვრობენ შუმბას „მეგობრები“: კლეოპატრა, სემი და მათი ბოკვერები.
იცოდით , რომ მამალ ლომს ფაფარი 2-3 წლის ასაკში ამოსდის და ასაკის მატებასთან ერთად უმუქდება? ჩვენი სემი ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე დადინჯდა, ის ხომ უკვე ოჯახის პატრონია, რადგან ყავს გულითადი მეგობარი -კლეოპატრა. თავისი ველური მეგობრების მსგავსად დღის უმეტესი ნაწილი ჩრდილში წევს და ყურადრებით ადევნებს თვალს ბოკვერებს. სწორედ ასე იქცევიან აფრიკის სავანაში მობინადრე ხვადი ლომებიც. ამ დროს კი მდედრები საკვების მოპოვებით არიან დაკავებულნი. საინტერესოა, რომ ნადირობისას ლომი მსხვერპლს ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ეპარება. ასე იმიტომ იქცევა, რომ მკვეთრი სუნით თავი არ გასცეს . არ იფიქროთ რომ სემის ნადირობა ეზარება, ეს ბუნების წესია - გარემოში პატარა ბოკვერების დაცვას მამრი ცხოველი უკეთესად ახერხებს. ძუ ლომი განსაკუთრებული ყნოსვით გამოირჩევა. სანამ პატარები გაიზრდებიან, მათ ხშირად უწევთ ბუნაგის გამოცვლა, რადგან მკვეთრი სუნით სხვა მტაცებლები არ მიიზიდონ. საბედნიეროდ ჩვენი ქალაქის ბინადარ პატარა ბოკვერებზე მშობლებთან ერთად ივა, სანდრო, ლევანი და ჩვენი ზოოპარკის სხვა ყურადღებიანი მომვლელებიც ზრუნავენ.
ლომები ყოველდღიურად 5-7 კგ ხორცს მიირთმევენ. ნოყიერი სადილის შემდეგ დიდ ხანს სძინავთ. ასე, რომ მხიარულად მოთამაშე ლომების ნახვა დიდი იშვიათობაა. მაგრამ დამერწმუნეთ ეს ლოდინად ნამდვილად ღირს. ამ მხრივ მომვლელებს განსაკუთრებით გაუმართლათ. კლეოპატრა - ლომი, რომელიც პატარაობიდანვე ჩვენს ზოოპარკში იზრდება სხვა ლომებისგან სიმშვიდით და სითამამით გამოირჩევა, ის მომვლელებს მოფერების უფლებას აძლევს და მნახველების მიმართაც უფრო კეთილია.
ალბათ ფიქრობთ, რომ ლომების ადგილი ზოოპარკში არ არის, მათი სახლი სავანის გაშლილი მინდორია. მაგრამ სამწუხაროდ ეს ამაყი, ძლიერი ცხოველებიც კი ველურ ბუნებაში ხშირად დაუნდობელი ბრაკონიერების მსხვერპლი ხდებიან, რაც მათი რაოდენობის შემცირებას იწვევს. თავისუფლად მცხოვრები ლომების სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია, ზოოპარკში კი ისინი ორჯერ უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ.
ჩემი სტუმრობა ზოოპარკში გაგრძელდა მაისის 3 შაბათის განმავლობაში. იმის გარდა, რომ მოვისმინე ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ცხოველებსაც ძალიან დავუახლოვდი და ისინი იმაზე უფრო შემიყვარდა ვიდრე აქამდე მიყვარდა, მათზე დაკვირვებისას გამოცდილება შევიძინე, ბევრ ისეთ ცხოველზე შევიტყვე რომლის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი.
რედაქტორის შენიშვნა: სტილი დაცულია.