ENG
სხივური თერაპია არითმიის სამკურნალოდ
114 წაკითხვა
ავტორი:თამარ რატიშვილი
Shutterstock

სხივური თერაპია, იგივე რადიოთერაპია, აქტიურად გამოიყენება ზოგიერთი სიმსივნის სამკურნალოდ. სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექიმების ჯგუფმა დაადგინა, რომ რადიოთერაპიით სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათო, გულის რიტმის დარღვევის - პარკუჭოვანი ტაქიკარდიის - მკურნალობაცაა შესაძლებელი.

პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ხშირად, გულის რომელიმე ანატომიურად დაზიანებულ ნაწილში ელექტროგამტარობის მოშლითაა გამოწვეული. ექიმებმა სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით მოახერხეს ამ ე.წ. „მოკლე ჩართვის“ გამომწვევი უბნების მაღალი სიზუსტით ლოკალიზაცია. შემდეგ მათ სტერეოტაქტიკური რადიოთერაპიის გამოყენებით სპეციფიკურად დაასხივეს და გაანადგურეს ეს უბნები. შედეგად, მათში იმპულსების გატარება შეწყდა.

ეს ინოვაციური თერაპია ჩაუტარდა ხუთ პაციენტს, რომელთა არითმიაც მკურნალობის სხვა აქამდე არსებულ საშუალებებს არ ემორჩილებოდა. დასხივებამდე სამი თვის განმავლობაშითითოეულ მათგანს საშუალოდ 1300 „შეტევა“ ჰქონდა. ამიტომ ისინი დათანხმდნენ ექსპერიმენტულ მკურნალობას. დასხივებიდან ერთი თვის შემდეგ, ხუთივე პაციენტში ერთად, ჯამში მხოლოდ ოთხი ტაქიკარდიის ეპიზოდი დაფიქსირდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არითმიის სამკურნალოდ არაინვაზიური (ორგანიზმში შეღწევის გარეშე) რადიოთერაპია წარმატებული გამოდგა. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი მელვინ შაინმანი ამ შედეგებს გარდამტეხს უწოდებს. უკვე დაწყებულია ახალი მიდგომის გაფართოებული კლინიკური კვლევა.