ENG
სმენის დაბრუნება გენების ჩასწორებით
969 წაკითხვა
ავტორი:ანანო მაისურაძე
Shutterstock

გენების ჩასწორებით სმენის დაბრუნება შესაძლებელია. 2017 წლის 20 დეკემბერს, “nature”-თან ინტერვიუში დევიდ ლიუმ, ჰარვარდისა და კემბრიჯის ბიოქიმიკოსმა, განაცხადა, რომ სმენადაქვეითებულ თაგვებს ბგერის აღქმის უნარი დაუბრუნა.

სმენის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზი გენური მუტაციაა. დნმ-ის ჯაჭვში ერთი ნუკლეოტიდი მეორეთი იცვლება და დროთა განმავლობაში ორგანიზმის სმენის სრულ დაქვეითებას იწვევს.

დევიდ ლიუმ და მისმა ჯგუფმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც შეიცავდა ნუკლეაზა Cas9-ს. ამ მოლეკულას უჯრედში უნდა შეეღწია და მუტაციაგანცდილი გენი უნდა „ჩაესწორებინა“.

საშიში იყო, რომ „სტუმარ“ დნმ-ს უჯრედებში დაუგეგმავი ცვლილებები გამოეწვია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის დამატებითი ცვლილებების განხორციელებამდე იშლებოდა.

მეცნიერებმა სმენადაქვეითებული ე.წ. „ბეთჰოვენი“ თაგვების (Beethoven mice) ყურებში ნემსით შეიყვანეს პრეპარატი, რის შემდეგაც 8 კვირაში მათ უკვე შეეძლოთ ბგერების აღქმა.

ვინაიდან, ადამიანების ორგანიზმშიც ზუსტად იმავე გენის მუტაცია იწვევს სიყრუეს, რომელიც თაგვებში, მკვლევრები იმავე მეთოდით აპირებენ ადამიანების განკურნებასაც. თუმცა, ამისათვის ცხოველებზე ჩატარებული ცდების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, დადებითი შედეგები უნდა აჩვენოს.