ENG
თაგვს უფრო მეტი კისრის მალა აქვს თუ ზარმაცას?
1151 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

გაგახსენდათ ბავშვობის „ჩამჭრელი“ კითხვა, ვის უფრო მეტი კისრის მალა აქვს, თაგვს თუ ჟირაფს? სწორი პასუხი იყო, რომ ორივეს კისრის შვიდ-შვიდი მალა აქვს. თან ზოოლოგიაში „გარკვეული ექსპერტი“ აუცილებლად დააყოლებდა - „ისევე როგორც ყველა ძუძუმწოვარს“. ნურას უკაცრავად! ზღვის ძროხა და ზარმაცა გამონაკლისებია. სწორი პასუხია - თაგვს უფრო მეტი კისრის მალა აქვს, ვიდრე ზარმაცას!

იმის გამო, რომ ორთითა ზარმაცებს კისრის მხოლოდ ექვსი მალა აქვთ, მათ თავის მოტრიალება უჭირთ.

ზოგადად, კისრის მალების რაოდენობები საკმარისად სახალისო რამაა. ფრინველებს, რომელთაც ხშირად სჭირდებათ თავის ტრიალი ბუმბულის გასაწმენდად, ძუძუმწოვრებთან შედარებით ბევრად მეტი კისრის მალა აქვთ. ბუს - თოთხმეტი, იხვს - თექვსმეტი, რეკორდსმენი კი სისინა გედია კისრის ოცდახუთი მალით.

33
გედი (Cygnus cygnus)

კიდევ ერთი მითი გავფანტოთ ფაქტით. ბუს არ შეუძლია თავის 360 გრადუსით შემობრუნება, როგორც ამას  ზოგიერთი ამტკიცებს, თუმცა 270 გრადუსით მობრუნებას მაინც ახერხებს. ეს ალბათ შესაძლებელია დამატებითი მალებისა და სპეციალიზებული კუნთების მეშვეობით, რაც ძვლებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობის საშუალებას აძლევს. ეს აკომპენსირებს იმ ფაქტს, რომ ბუს არ შეუძლია თვალების ტრიალი, ხედვის არეალის შესაცვლელად მას თავის მიბრუნება უწევს.

ბუები, ზოგადად, საოცარი ფრინველებია. მათი თვალები მიმართულია ბინოკულარული მხედველობის გასაძლიერებლად, რაც მათ საგნების სამ განზომილებაში დანახვის უნარს ანიჭებს. ეს აუცილებელია ღამით ნადირობისთვის. ამასთან,  თვალები ძალიან ფართოა, რათა რაც შეიძლება მეტი სინათლე შეკრიბონ. ადამიანებს რომ იმავე მასშტაბის თვალები ჰქონდეთ, ისინი გრეიფრუტის ზომის იქნებოდნენ.

ბუს თვალები უფრო ცილინდრული ფორმისაა, ვიდრე სფეროსებრი. ამიტომ თვალის ბადურა უფრო ფართოა. რუხი ბუს თვალები ასჯერ უფრო მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, ვიდრე ადამიანის. მას 500 მეტრის სიშორიდან მიწაზე თაგვის დანახვა მაშინაც შეუძლია, როცა სინათლე გარემოში დაახლოებით ერთი სანთლის სიმძლავრისაა.

3333