"... ირემი ხომ ტყის მარადიული სულია - ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება!" - არჩილ სულაკაური
ძველ ლეგენდებში ირემი წმინდა ცხოველია, ღმერთების და გმირების მეგობარი. ის ბევრ ქართულ ნაწარმოებშიც გვხვდება. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობი”, ძალიან სევდიანი და გულში ჩამწვდომი მოთხრობა. არ ვიცი რატომ კლავენ ამ უწყინარ ცხოველს, რომელიც საერთოდ არაფერს უშავებს ადამიანებს. ამბობენ გემრიელი ხორცი აქვსო, მაგრამ ის ისეთი საყვარელია, აბა როგორ უნდა გაიმეტო?
ირემი ძალიან ლამაზი ცხოველია. ის ირმისებთა ოჯახის წარმომადგენელია. გამოირჩევა მოგრძო სხეულით, მაღალი კისრით, წვრილი კიდურებით, მოკლე ფუმფულა კუდით, დიდი თვალებითა და აპრეხილი ყურებით. ერთი შეხედვით ისინი ანტილოპებს ჰგვანან, თუმცა მათი რქები ერთმანეთისგან განსხვავდება. რქები მხოლოდ მამალ ირმებს ამოსდით და მას ყოველწლიურად იცვლიან. ახალი რქები ადრიან გაზაფხულზე ამოსდით და ხავერდოვანი კანითაა დაფარული. ზაფხულში მათ რქები ბოლომდე ეზრდებათ და უმაგრდებათ, რქებზე კი კანი თანდათან სძვრებათ და ხავსივით ეკიდებათ. შემოდგომაზე მათი რქები სხვა ირმებთან საბრძოლველად და შესარკინებლად მზად არის. ხარ-ირმები მარტოები დაეხეტებიან ტყე-ღრეში. ფურ-ირმები, მათი შვილები - ნუკრები და სხვა ახალგაზრდა ირმები შვლები კი - ყოველთვის ერთად ცხოვრობენ. მამალი ირმები მათთან მხოლოდ გამრავლების პერიოდში ჩერდებიან. ამ პერიოდს ირმის მყვირალობასაც უწოდებენ, რადგან ხარ-ირმები ამ დროს ბოხი ხმით ბღავიან. ფურ-ირმები ხარ-ირმებს ხმის მიხედვით ირჩევენ. სპეციალისტებს ამ ხმით შეუძლიათ განსაზღვრონ ირმების ასაკი და სიდიდეც კი. ირმები მცენარეებით იკვებებიან. განსაკუთრებით უყვართ ყლორტები.
ირმების 50 სახეობიდან 34 წითელ ნუსხაშია შეტანილი, ანუ მათი მოკვლა არ შეიძლება. ირმებს, ისევე როგორც სხვა ცხოველებს ბრაკონიერები უმოწყალოდ ხოცავენ. ამის გამო, შეიძლება მოხდეს ცალკეული სახეობების გადაშენება, რასაც კარგი შედეგები არ მოჰყვება. ამიტომ კეთილი ადამიანები ცხოველებს ეხმარებიან და დაცულ ტერიტორიებზე გადაჰყავთ, სადაც ისინი ბრაკონიერებისგან არიან დაცულები. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ზოოპარკი. მათი მეშვეობით შეიძლება ისეთ ცხოველების გადარჩენა, რომლებიც გადაშენების პირას არიან და მათი რაოდენობა დღითიდღე მცირდება. ზოგიერთი ცხოველი ბუნებაში სასიკვდილოდ იყო განწირული, ზოოპარკმა კი მას დახმარება აღმოუჩინა და ახლა ზოოპარკის წყალობით არის ცოცხალი. ზოოპარკებს შეუძლიათ შეიფარონ ასეთი სახეობები და მათ გამრავლებას შეუწყონ ხელი. შემდეგ კი, როდესაც საკმაოდ მომრავლდებიან, ველურ ბუნებაში გაუშვან. ამისათვის კი ცდილობენ ზოოპარკის პირობები ცოტათი მაინც გავდეს ველურ ბუნებას.
ამჯერად თბილისის ზოოპარკში 4 ირემია. ისინი დღის განმავლობაში იკვებებიან თივით, დღის პირველ ნახევარში ხილ-ბოსტნეულით და საღამოს სხვა კომბინირებული საკვებით. რადგან ზოოპარკში ბინადრობენ, მოვლა განსაკუთრებული სჭირდებათ: გალია ყოველდღე უნდა გამოსუფთავდეს, ხშირად უნდა დავარცხნონ მოცვლილი ბეწვის და პარაზიტების მოსაშორებლად. მათ აუცლებლად სჭირდებათ სუფთა წყალი, ამიტომ გამდინარე წყალს ასმევენ. თუ ცხოველები ავად არიან და დახმარება მედიკამენტების სახით სჭირდებათ, თბილი და კეთილი დამოკიდებულება ცხოველებთან მომვლელებს ხელს უწყობს, რომ ადვილად უმკურნალონ.
ძველად საქართველოში ძალიან ბევრი ირემი ბინადრობდა. თუმცა უკონტროლო ხოცვა-ჟლეტის გამო ძალიან ცოტაღა შემორჩა. ამ ეტაპზე ირემი ყველაზე ხშირად სამ ადგილას გვხვდება. ესენია: ლაგოდეხის ნაკრძალი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და გარდაბნის აღკვეთილი. მნიშვნელოვანია მათი დაცვა და გამრავლების ხელშეწყობა. ეს კი ბევრ სხვა პირობებზეცაა დამოკიდებული, სხვა ცხოველების და მცენარეების არსებობაზეც.
ამიტომ, აუცილებელია შევინარჩუნოთ ბუნებრივი მრავალფეროვნება. უნდა გვესმოდეს, რომ ცხოველების და გარემოს განადგურებით, ჩვენ ვარღვევთ ბუნებრივ ბალანსს, რაც საბოლოოდ ადამიანებისთვისაც კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება .
რედაქტორის შენიშვნა: სტილი დაცულია.