ციფრულმა ტექნოლოგიებმა ჩვეულებრივ წამლის აბებშიც შეაღწია, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით - 2017 წლის ნოემბერში FDA-მ (ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია) პირველი ციფრული ტაბლეტი - Abilify MyCite - დაამტკიცა. აბიდან გადმოცემული სიგნალის საშუალებით, ექიმს შეეძლება გაიგოს, როგორ ასრულებს პაციენტი დანიშნულებას. მეცნიერები, ექიმები და სამედიცინო ეთიკის ექსპერტები ტექნოლოგიის დანერგვის სარგებლიანობასა და რისკებზე საუბრობენ.
ცნობილია, რომ პაციენტების უმრავლესობა ზედმიწევნით არ ან ვერ იცავს მედიკამენტების მიღების წესებს. ეს მსოფლიო მასშტაბის პრობლემა მნიშვნელოვნად აფერხებს მკურნალობის პროცესს და უზარმაზარ ხარჯებს უკავშირდება. ამის გამო, ფარმაცევტულმა კომპანიამ Otsuka Pharmaceutical Co-მ და Proteus Digital Health-მა ერთობლივად შექმნეს შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატის - არიპიპრაზოლის - ციფრული ვარიანტი. ეს აბები, პაციენტის თანხმობის შემთხვევაში, ექიმსა და ოჯახის წევრებს მკურნალობის ზუსტი მონიტორინგის საშუალებას აძლევს.
აბში ჩამონტაჟებული სენსორის კუჭში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, კანზე მოთავსებულ პლასტირში ჩამაგრებული ელექტროდი აღიქვამს სიგნალს. Bluetooth-ის მეშვეობით, ინფორმაცია ავტომატურად იგზავნება ჯერ პაციენტის, ხოლო შემდეგ ექიმის სმარტფონზე.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ინსტრუქტორის თქმით, ტაბლეტებს, მართლაც აქვს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი, თუმცა ჩნდება რამდენიმე ეთიკური პრობლემაც, რამაც, შესაძლოა, პაციენტების უნდობლობა გამოიწვიოს.