უძველესი ბრიტანელი ფერადკანიანია! ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერებმა 1903 წელს ბრიტანეთში, სომერსეტში, ჩედარის ხეობაში ნაპოვნი ადამიანის შიდა ყურიდან დნმ-ს ნიმუში აიღეს და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მთლიანი გენომის გაშიფვრა შეძლეს.
2018 წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთში აღმოჩენილი უძველესი ჩონჩხის პატრონს, ჩედარის ადამიანს, მუქი ფერის კანი, ცისფერი თვალები და ხვეული თმა ჰქონდა.
ფოტო: ვიკიპედია
ჩონჩხი მეზოლითს ანუ შუა ქვის ხანას ეკუთვნის. ის ძალიან ჰგავს მონადირე-შემგროვებელი ტიპის ადამიანებს, რომელთა ჩონჩხები ესპანეთში, უნგრეთსა და ლუქსემბურგში აღმოჩინეს.
„ეს გამაოგნებელი აღმოჩენაა, (...) რომელიც გვახსენებს, რომ ყველანი სადღაც აფრიკიდან მოვდივართ“- ამბობს საიმონ ანდერდაუნი, ანთროპოლოგი ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტიდან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თეთრკანიანი ადამიანები ევროპის ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან მოვიდნენ. კანის ფერს კი მათ კვების რაციონში D ვიტამინის კონცენტრაცია განაპირობებდა. ახლო აღმოსავლეთის ადამიანები მარცვლეულით იკვებებოდნენ, რომელიც ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით არ შეიცავს. ამის გამო, განუვითარდათ კანის თეთრი ფერი, რომელიც ადვილად შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს და D ვიტამინს ასინთეზებს. დანარჩენებს კი D ვიტამინის სინთეზი არ სჭირდებოდათ, რადგან თევზიდან და ხორციდან საკმარისს იღებდნენ. „ვფიქრობ, უკვე ყველამ იცის, რომ (...) არანორმალურად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ჩვენი კანის პიგმენტაციას“-თქვა სტივ კლარკმა, დოკუმენტური გადაცემის წამყვანმა, რომელმაც ახალი აღმოჩენა თანამედროვე რასიზმის პასუხად გამოიყენა.