სუპერხემ შესაძლოა ფოლადი ჩაანაცვლოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის უნივერსიტეტის ინჟინრებმა, ლიანგბინგ ჰუსა და თენგ ლის ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს მეთოდი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ხე 12-ჯერ უფრო მტკიცე და 10-ჯერ უფრო გამძლე მასალად გარდაექმნათ.
მათ თავდაპირველად სხვადასხვა ხის ნაჭრები 7 საათის განმავლობაში ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და ნატრიუმის სულფატის ხსნარში მოხარშეს. შემდეგ კი ერთი დღის განმავლობაში 100°C -ის ტემპერატურაზე გაახურეს და დაპრესეს. ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ მათ მიიღეს 5-ჯერ უფრო თხელი, 3-ჯერ უფრო მკვრივი და 11,5 ჯერ უფრო მყარი მასალა.
ახალი მასალა, სუპერხე, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ფოლადისა და ტიტანის შენადნობის კონკურენტად. მისი გამძლეობა მეტალებისას არ ჩამოუვარდება, 6- ჯერ უფრო მსუბუქი და გაცილებით ეკონომიურია. ამას გარდა, ეკო-მეგობრულია და გარემოს დაბინძურებას არ გამოიწვევს.
მეცნიერთა ჯგუფმა სუპერხის გამძლეობა ტყვიებით შეამოწმა. ტესტირების შემდეგ კი ლიანგბინგ ჰუმ განაცხადა: “დამუშავების შემდეგ ხე შეიძლება გამოიყენონ მანქანებისა და თვითმფრინავების მშენებლობაში... ყველგან სადაც ახლა ფოლადს იყენებენ“.
სტატია 2018 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა მერილენდის უნივერსიტეტის ჯგუფის ინჟინრები ახლაც აგრძელებენ სუპერხის გამოცდასა და დამუშავების ტექნიკის გაუმჯობესებას.