ENG
„უცხო“ დნმ ცილებს აშენებს
103 წაკითხვა
ავტორი:დავით ლამაზოშვილი
Shutterstock

ოთხი მილიარდი წლის განმავლობაში სიცოცხლემ მწირი ანბანი შეიმუშავა. დნმ  შედგება მხოლოდ ოთხი „ასოსგან“: A, T, G, და  C. მეცნიერებმა ბიოლოგიურ ანბანს ახალი ასოები დაუმატეს. მსოფლიოში პირველად, ხელოვნურად შექმნილი ნუკლეოტიდის ფუძეებით ცოცხალ ორგანიზმში ცილების სინთეზი მოხერხდა.

ორგანიზმები ჩვეულებრივ დნმ-ში ინფორმაციის შესანახად იყენებენ ოთხ ფუძეს: ადენინს (A), თიმინს (T), გუანინსა (G) და ციტოზინს (C). ორჯაჭვიანი დნმ-დან ინფორმაცია გადადის დნმ-ის მსგავს ერთჯაჭვიან მოლეკულა რნმ-ზე. რნმ-ის სამი ნუკლეოტიდისგან შემდგარ მონაკვეთები, კოდონები, ცილების მშენებელი 20 ამინომჟავიდან ერთ-ერთს შეესაბამება.

ქიმიკოსმა ფლოიდ როზენბერგმა (სქრიფსის კვლევითი ინსტიტუტი, კალიფორნია, აშშ), კოლეგებთან ერთად, ბაქტერიული უჯრედის დნმ-ში შეიყვანა უცხო ქიმიური ფუძეები. ამის შედეგად შესაძლებელი გახდა უჯრედს ხელოვნური ამინომჟავებით ფლურესცენციული ცილები დაემზადებინა.

მკვლევრებმა დნმ-ის ახალ „ასოებს“ X და Y შეარქვეს. არსებულ დნმ-ში მათი ჩაშენება ზრდის შესაძლო კოდონთა რაოდენობას, რაც თეორიულად უჯრედს დამატებით ასზე მეტი ამინომჟავის გამოყენების საშუალებას აძლევს. 2017 წლის 29 ნოემბერს ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებული კვლევის შემდგომი განვითარება, ტექნოლოგიის ეუკარიოტულ (ბირთვიან) უჯრედებში გადმოტანა, დაავადებების ახლებური ანტისხეულებით, პათოგენის ამომცნობი ცილოვანი მოლეკულებით, მკურნალობის საშუალებას მოგვცემს.