ENG
ვარჯიში მეხსიერებას(აც) აუმჯობესებს
723 წაკითხვა
ავტორი:თამარ რატიშვილი
Shutterstock

ჯანმრთელობაზე ფიზიკური დატვირთვის დადებითი ეფექტების შესახებ ყველამ ვიცით, ახლა კი ვარჯიშის კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს - კანადაში, მაკმასტერის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვარჯიში მეხსიერებას აუმჯობესებს.

ექვსი კვირის განმავლობაში 20-წუთიანი მაღალინტენსიური ვარჯიში ზრდის ე.წ. ტვინის სავარჯიშოების ეფექტურობას და, ზოგადად, დადებითად მოქმედებს მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციებზე, ჯანმრთელ ახალგაზრდებში. კვლევა 2017 წლის ნოემბერში, Journal of Cognitive Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ტვინის ერთი რომელიმე სავარჯიშო, მაგალითად, კროსვორდის შევსება აუმჯობესებს ამ კონკრეტულ უნარ-ჩვევას, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სხვა ტიპის გონებრივ შესაძლებლობაზე. კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ფიზიკური დატვირთვისა და ტვინის სავარჯიშოების კომბინირება აუმჯობესებს მეხსიერების არა მხოლოდ სავარჯიშოთი გათვალისწინებულ სპეციფიკურ ასპექტს (მაგ.,სახეების დამახსოვრებას), არამედ მეხსიერების სხვა, უფრო რთულ ტიპებსაც.

საინტერესოა, რომ ცდის მონაწილეებში ვარჯიშის შედეგად გაზრდილი იყო ე.წ. თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის (BDNF) კონცენტრაცია. ეს ცილა ხელს უწყობს ნერვული უჯრედების ზრდას, გადარჩენასა და ფუნქციონირებას და ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნას.

კვლევის ავტორი, ჯენიფერ ჰეისი, იმედოვნებს, რომ შედეგების გამეორება შესაძლებელი იქნება ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებშიც.