ENG
ვინ შექმნა ფარდობითობის თეორია?
807 წაკითხვა
ავტორი:SEED საქართველო
Shutterstock

ეს არ იყო აინშტაინი. ფარდობითობის თეორია 1632 წელს პირველად გალილეო გალილეიმ ჩამოაყალიბა ნაშრომში „დიალოგი სამყაროს ორი მთავარი სისტემის შესახებ“.

ფარდობითობის გასაგებად უნდა ვიცოდეთ ის თეორია, რომელიც მან ჩაანაცვლა. ეს იყო ძვ. წ. აღ. IV საუკუნეში არისტოტელეს მიერ შექმნილი „აბსოლუტური მოსვენების“ თეორია, რომლის მიხედვით მოსვენება გახლდათ ნებისმიერი საგნის ბუნებრივი მდგომარეობა და რომ საგანი უბრუნდება ამ მდგომარეობას, თუ მას ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე დავტოვებთ.

ფარდობითობის თეორიის თანახმად, ყველა საგნის მოძრაობა შეფარდებითია ერთმანეთთან მიმართებაში. „მოსვენების მდგომარეობაში ყოფნის“ განსაზღვრება კი შეთანხმების საკითხია. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია საგნის აბსოლუტური სიჩქარის დადგენა. ის განისაზღვრება მხოლოდ როგორც „შეფარდებითი“ სხვა საგანთან მიმართებაში.

იტალიელი ასტრონომი და ფილოსოფოსი გალილეო თანამედროვე ფიზიკის დამაარსებელიც იყო. ის ყველაზე მეტად ცნობილია „კოპერნიკისეული“ (ან არისტარჰუსის) თეორიის მხარდაჭერით: დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს.

ამან კათოლიკური ეკლესიის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა გალილეო თავისი პრინციპებისთვის ვირთაგვებიან საკანში არ ჩაუგდიათ; სასჯელი მოიხადა  სიენის არქიეპისკოპოსის მდიდრულ სახლში, შემდეგ კი შინაპატიმრობაში დააბრუნეს თავის ვილაში, ფლორენციის მახლობლად. კათოლიკურმა ეკლესიამ საბოლოოდ მხოლოდ 1992 წელს აღიარა, რომ გალილეოს შეხედულებები მზის სისტემასთან დაკავშირებით სწორი იყო.

გალილეო მართალი იყო ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა მას შეცდომების დაშვებაც შეეძლო: დედამიწის მოძრაობასთან დაკავშირებით მისი საყვარელი არგუმენტი ის იყო, რომ ამ მოძრაობას ზღვის მიქცევა-მოქცევა იწვევდა. მისი დაკვირვებით, ეს  ხმელთაშუა ზღვას უფრო ახასიათებდა, ვიდრე წითელ ზღვას და ეს მიაწერა დედამიწის ბრუნვის გამო წყლის ღელვას, რაც მისი თქმით, ხმელთაშუა ზღვაზე უფრო მოქმედებდა, რადგან ის აღმოსავლეთ - დასავლეთს უსწორდება.

ეს არგუმენტი უარყვეს თვითმხილველ მეზღვაურთა მტკიცების საფუძველზე, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ დღეში ორ მოქცევას ჰქონდა ადგილი და არა ერთს, როგორც ამას გალილეო ვარაუდობდა. გალილეოს მათი არ სჯეროდა.

ალბერტ აინშტაინი მიხვდა, რომ გალილეომ შეცდომაც დაუშვა თავის ფარდობითობის თეორიაში და გარკვეულ გარემოებებში წარუმატებლობა განიცადა.

აინშტაინის 1905 წლის ნაშრომში „მოძრავი სხეულების ელექტროდინამიკის შესახებ“ პირველად იყო საუბარი „ფარდობითობის სპეციალური თეორიის“ შესახებ, რომელიც ვაკუუმში სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების უცნაურ თვისებებს აღწერს.

„ფარდობითობის ზოგადი თეორია“, რომელიც გრავიტაციის მასშტაბურ ფენომენს ეძღვნებოდა, ათი წლის შემდეგ, 1915 წელს გამოქვეყნდა.

99