ჭიანჭველას აქვს ყველაზე დიდი ტვინი სხეულის ზომასთან შედარებით. მისი ტვინი მისი სხეულის მთლიანი წონის 6%-ს შეადგენს - ადამიანებთან მიმართებაში იმავე პროცენტულობის შემთხვევაში, ჩვენი თავები სამჯერ უფრო დიდი იქნებოდა.
საშუალო ადამიანის ტვინი 1,6 კილოგრამს იწონის, რაც სხეულის მთლიანი წონის 2%-ზე ოდნავ მეტია. ჭიანჭველას ტვინი დაახლოებით 0,3 მილიგრამს იწონის.
იმის მიუხედავად, რომ ერთი ჭიანჭველის ტვინს ადამიანის თავის ტვინის ნეირონთა მხოლოდ ნაწილი გააჩნია, კოლონია სუპერორგანიზმია. საშუალო ზომის ბუდეში, რომელშიც 40 000 ჭიანჭველა ბინადრობს, ტვინის უჯრედების იმდენივე რაოდენობაა, რამდენიც ერთ ადამიანში.
ჭიანჭველები 130 მლნ წელია არსებობენ და მათი რაოდენობა დაახლოებით 10 000 ტრილიონია. დედამიწის ყველა ჭიანჭველას მასა, ერთად აღებული, ოდნავ მეტია, ვიდრე ადამიანების საერთო მასა.
ჭიანჭველათა 8000-მდე სახეობაა ცნობილი. ჭიანჭველები პლანეტის ყველა მწერის დაახლოებით 1%-ს შეადგენენ. მწერების საერთო რაოდენობა კი დედამიწაზე ერთი კვანტილიონია (1 000 000 000 000 000 000).
ჭიანჭველებს დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთი ძინავთ და წყალქვეშ ცხრამეტი დღე შეუძლიათ გაძლება. ტყის ჭიანჭველა უთავოდ ოცდაოთხი დღე ცოცხლობს. კოლონიის გარეთ ცალკეული ჭიანჭველა მარტო ვერ იცოცხლებს, მიუხედავად იმისა, ექნება თავი თუ არა.
ჭიანჭველებს ფოტოგრაფიული მეხსიერება გააჩნიათ, რაც მათ ნავიგაციაში ეხმარება. ისინი თითქოს საორიენტაციო ფოტოების სერიას იღებენ. მეცნიერები ვერ ხსნიან, როგორ ახერხებს ჭიანჭველის პაწაწინა ტვინი ამდენი ინფორმაციის შენახვას.
ჭიანჭველები არ არიან ადამიანებზე ძლიერები. საკუთარ წონაზე ბევრად მეტის აწევა იმიტომ შეუძლიათ, რომ პატარები არიან. რაც უფრო პატარა ზომისაა ცხოველი, მით უფრო მძლავრია მისი კუნთები სხეულის მასასთან შედარებით. ადამიანები რომ ჭიანჭველების ზომის ყოფილიყვნენ, მათ თანაბარი ძალა ექნებოდათ.