ENG
ყოველდღიური სალათი გონებრივი ჯანმრთელობისთვის
45 წაკითხვა
ავტორი:მამუკა ხუნდაძე
Shutterstock

დღეში ერთი პორცია ფოთლოვანი ბოსტნეულის მირთმევამ, შესაძლოა, გონებრივი ფუნქციის დაქვეითება შეანელოს. რაშის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) კვლევაში, რომლის შედეგებიც 2017 წელის დეკემბერში ჟურნალ Neurology-ში  გამოქვეყნდა, 58 წელს გადაცილებული 960 ადამიანი მონაწილეობდა.  მეცნიერები მათ დაახლოებით 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ფოთლოვანი ბოსტნეულით (კომბოსტო, მწვანილი და ა.შ.) იკვებებოდა, 11 წლით ახალგაზრდა ადამიანის ექვივალენტი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდათ.

ფოთლოვანი ბოსტნეული შეიცავს ლუტეინს, ფოლატს, ბეტა კაროტენს და სხვა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობენ ხელს.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია. კვლევა დაკვირვებითი იყო, რომლითაც დადგინდა კორელაცია და არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მიუხედავად ამისა, მთავარი მკვლევარი, ეპიდემიოლოგი, მარტა კლერ მორისი ამბობს: „ფოთლოვანი ბოსტნეულის ყოველდღიური მოხმარება, შესაძლოა, მეხსიერებისა და სხვა გონებრივი შესაძლებლობების დაკარგვის საწინააღმდეგოდ მიმართული მარტივი და ეფექტური გზა იყოს“.