ბავშვებს, რომლებიც თევზს რეგულარულად ჭამენ, უკეთ სძინავთ და უფრო მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც თევზი რაციონში არ აქვს. ცნობილი იყო, რომ თევზის ქონში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღება ხელს უწყობს ბავშვების გონებრივ განვითარებას. ასევე გამოკვლეული იყო ამ ნივთიერების დადებითი გავლენა ძილზე. პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კოჰორტულმა კვლევამ პირველად დაუკავშირა ეს სამი ფაქტორი ერთმანეთს.
აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც იღებენ თევზს ამა თუ იმ ფორმით, სტანდარტულ IQ ტესტებში საშუალოდ 4-ით მეტ ქულას აგროვებენ. მშობლების გამოკითხვისას დადგინდა, რომ იმავე ბავშვებს უკეთ სძინავთ - მათი ძილის ხანგრძლივობა უფრო დიდია, ღამე გამოღვიძებები და დღის განმავლობაში ძილიანობა კი - ნაკლები.
მკვლევრების თქმით, კვლევაში მონაწილე ბავშვების მაღალი გონებრივი შესაძლებლობები ნაწილობრივ მაინც აიხსნება უკეთესი ძილის ხარისხით. 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჯენიფერ პინტო-მარტინის განცხადებით, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს თევზის სარგებლიანობასა და ჯანსაღი კვების რაციონში ამ პროდუქტის ჩართვის აუცილებლობას.